logo
ENG



ელენე ხოშტარია ივანიშვილთან ერთად 5 "ბიზნესოლიგარქის" დასანქცირებას ითხოვს

10 ივნ 202213:08
3 წუთის საკითხავი
 

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილთან ერთად 5 "ბიზნესოლიგარქის" დასანქცირებას ითხოვს. ამაზე მან ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ გუშინ მიღებული ევროკავშირის რეზოლუცია ძალიან მკაფიოდ აღიარებს ქართველი ხალხის მისწრაფებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

ხოშტარიამ განაცხადა, რომ რეზოლუცია ძალიან მკაფიოდ დებს ბრალს კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქიულ მმართველობაში, რომელსაც აქვს დესტრუქციული როლი, როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში და აქვს კრემლთან პირდაპირი ბიზნეს კავშირები.

"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ოლიგარქიული მმართველობა დგას გარკვეულ საყრდენებზე სხვადასხვა სფეროში და ჩვენს ქვეყანაში ეს ოლიგარქიული მმართველობა არის ერთგვარი ქსელი, არსებობს ოლიგარქიული პირამიდა, რომელთა საქნცირებაც იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი."- განაცხადა ხოშტარიამ.

პარტია "დროას" ლიდერმა ბრიფინგზე წაიკითხა, როგორც თავად ამბობს, "ე.წ ბიზნესოლიგრქიული ადამიანების სია", რომელთა სანქცირებაზეც პარტია პარტნიორებთან ერთად იმუშავებს. 

" 1. დავით ხიდაშელი - ეს არის ღიად კრემლთან დაახლოებული, ევტუშენკოვის მარჯვენა ხელი, რომელიც მონაწილეობდა ბევრ პრორუსულ სპეცოპერაციაში, მათ შორის სირიაში, უკრაინაში და საქართველოში და რომელიც დღეს სარგებლობს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური შეღავათებით "ქართული ოცნების" მხრიდან. ის უნდა იყოს სანქცირებული ბიძინა ივანიშვილთან ერთად.

2. უჩა მამაცაშვილი - ეს არის პრაქტიკულად ეკონომიკის არაფორმალური მმართველი  საქართველოში, ფლობს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და არის პარტნიორი სანკტ-პეტერბურგის ყოფილი მერის, პოლტავჩენკოსი, რომელიც ასევე სანქცირებულია. ძალიან ცხადი და ღია არის კავშირები კრემლთან.

3. ვანო ჩხარტიშვილი - გარდა იმისა, რომ მონაწილეობდა არა ერთ კორუფციულ და მაფიოზურ გარიგებაში, მაგალითად თამბაქოს სფეროში, მისი ღია და ოფიციალური პარტნიორი არის რუსული სახელმწიფო კომპანია „როსნეფტი“, რომელიც ფლობს 49%-ს ფოთის ნავთობ ტერმინალში.

4. ოთარ ფარცხალაძე - ყველასთვის ცნობილი, პრაქტიკულად მაფიოზად ჩამოყალიბებული ბიზნესმენი, ბრჭყალებში, რომელიც გარდა იმისა, რომ მონაწილეობს კორუფციულ სქემებში, აკონტროლებს პროკურატურას და ფინანსურ პოლიციას. ისიც არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის, სახელმწიფოს მიტაცების ერთ-ერთი მონაწილე.

5. ირაკლი რუხაძე - გარდა იმისა, რომ აკონტროლებს საბანკო სექტორს და ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიას, კერძოდ იმედს, GDS-ს და მაესტროს, ის ღიად ეწინააღმდეგება, სანქციების რეალიზებას, მათ შორის საბანკო სექტორში და ისიც არის ერთ-ერთი ჰიბრიდული ოლიგარქიული მმართველობის საყრდენი."

ელენე ხოშტარიას თქმით, პარტია ამ ადამიანებზე მაქსიმალურად შეაგროვებს  ინფორმაციას და გადასცემენ პარტნიორებს "იმისთვის, რომ ერთად დავანგრიოთ ოლიგარქიული პირამიდა საქართველოში."

"აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქ არის საუბარი არა ბიზნესმენებზე, რომლებიც სრულიად თავისუფალი უნდა იყვნენ ჩვენს ქვეყანაში, რა პოლიტიკურ პოზიციაზეც არ უნდა იყვნენ და ჩვენ ამას მივაღწიოთ. ეს არის არა ბიზნესი, არამედ ოლიგარქია, რომელიც დღეს ანგრევს ჩვენს ქვეყანას."- თქვა ელენე ხოშტარიამ. 

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

"გამოვხატავთ შეშფოთებას დამანგრეველი როლის გამო, რომელსაც თამაშობს ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე კონტროლის დონით, რომელიც მას აქვს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; ღრმად ვართ შეშფოთებული ივანიშვილის გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განაპირობებს საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციებზე; მოვუწოდებთ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო", - აღნიშნულია დოკუმენტში. 

 

  


close დახურვა